domenica 28 dicembre 2008

ინანას პორტრეტი

ქვედა ტუჩი გაქვს ბავშვი,
ზედა ტუჩია ქალი,
წარბები მშვილდავენ,
თვალები ისრავენ,
წარბები არ გაქვს არწივის ფრთები,
ისინი-მიმინოს გაშლილი ფრთები.
ღაწვები ფორთოხლებია,
კისერი-ნუკრი,
თმების კულული-მზის სხივებია,
შუბლი კაშკაშა მთვარის ფერია,
ასულო, ქალო, დედის წიაღო...
და ყოველივე ეს ერთიაო.
ციალ სიმებით ამღერებულო,
სამად ხმოვანო ტკბილო ჩონგურო,
ამო ნანინავ, მზისფერა სულო,
ლხინო, ზღაპრიდან აცხადებულო.

2008
კოკა

SOS

ანუ წერილი ა. ბ-ს, ვისი სახელიც ჩუმი ხმით ითქმის

აღარ ვისურვე ყოველ დღე კვდომა.
დავიწყე ცხოვრება-პირველი ნაბიჯი;
სამოგზაუროდ გავეშურე იქითკენ,
სად მიწა და მზე ერთურთს ყვარობენ,
სადაც სიყვარულს დღესასწაულობენ.
გზა ამებნა-ირგვლივ აბსურდი და სიბნელეა.
არც არიადნე, არც მისი ძაფი.
ჭეშმარიტება ქვიშასავით გამებნა თითებში,
და ეს არ არის მხოლოდ ლექსი,
ეს ჩემი ცხოვრებაა;
ჩემი პოეზია.
მზევაჟი გადის წკვარამებს,
რომ მზიურობა განიმტკიცოს.
გული მზის საცერი ლაბირინთია.
ახლა, როცა გწერ,
არც ვღონდები და არც ვიღიმები.
ურვის მაგივრად გეხმაურები,
მას, ვის სახელსაც ჩუმი ხმით ვამბობ.
წმინდა მამათგან ქრისტეზე თქმულა,
ჯვარზე გაკრული თუ როგორ ევნო
და ტკივილების გადატანისას
ლმობიერ გულით თავის ჯალათებს
წყალი შესთხოვა:
ღმერთკაცის ყველაზე დიდი ძალა აი, აქ გამოჩნდა.
ჩემი წერილიც ასეთია შენდამი ახლა.
მასაც ამბობენ, რომ ქრისტეს ნაცვლად
ადამიანი ყოფილიყო ჯვარცმული მაშინ,
მედიდურობით ხმასაც კი არ ამოიღებდა-
ეს სისუსტეა.

კოკა

შენ

რაც უფრო სხვებს ვხედავ,
მით უფრო შენ გხედავ.
რაც უფრო გშორდები,
მეტს გიახლოვდები.
უამრავს გადარებ-
ვერვის შეგადარებ.
ყველაზე მეტიც ხარ
და ერთადერთიც ხარ

ღვინობისთვის 10, 2007
კასტილიონ ფიბოკი
კოკა

გვირილა

როგორ გიხდებოდნენ თეთრი გვირილები..
შენ თვითონა ხარ გვირილა.
გაზაფხულზე რომ გკრეფდი და გეძებდი,
დრო იყო, ბავშვურად ყვირილა.

მწვანედ აყურსული ტანია მროკავი,
გვირგვინი-სპეტაკი თეთრია,
ვერცხლად გაბადრული ხატი სალოცავი,
გიცნობ და არც გიცნობ, ფერია.

რაც გიცნობ, მახარებს და სადაც არ გიცნობ,
იქ მეგობრობა მწყურია,
არ ვიცი, ძვირფასო, მაგრამ რომ გაგიცნობ,
ერთურთს ვედაძმებით, მგონია.

ანაო, ანაო, ცათა დედოფალაო,
გვირილების თაიგულო, შვლის ნუკრუნა ქალაო,
ფრესკებიდან გადმოსულო ღვთიურ ცეცხლის ძალაო,
საქართველომ რომ დაგბადა, რომელი წყლით გბანაო?

თიბათვის 24, 2007 წელი
Castiglion Fibocchi, Aiaia
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

არ ვიცი, მაგრამ მჯერა

შენი თითების მჯერა,
შენი შვლისნუკრა ყელის,
შენი სიკეთის მჯერა,
თვალების, თაფლისფერის.
გული რომ ფართოვდება
და შემოგხედავ მაშინ,
მარად მეგობარს ვხედავ,
რომ დამიდგება მხარში.
იქნება ვცდები, მაგრამ
გუმანი ამას ამბობს,
არ ვიცი, კარგო, არა,
წინდაწინ არას ვამბობ.

თიბათვის 24, 2007
Castiglion Fibocchi, Aiaia
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

მთვარე თეთრი ვარდია

მთვარე თეთრი ვარდია,
მზისფერებით საფერი,
ტანზე ფიქრი არტყია,
უხმო სიტყვით ნამღერი.

ჯერ კიდევ მაქვს სასწავლი
სიღრმეები უძღები,
ჩემო დღესასწაულო,
მალე დაგიბრუნდები.

და თითო ვარდი-ფიქრის კონა,
ჩემს მაგივრად მესიტყვე,
კმარა, გული გააღო და
გვერდში მნახო, გესიტყვო.

თიბათვის 17, 2007 წელი
რონდინე, აიაია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

ინანას

თითა თითები-გასაგიჟები,
ბურული ღამე-ამორძლის თმები,
ნუკრა კისერი-ხელი ფიქრები;
სული მიამე.

ბაგე ვარდია-თეთრი დარდია,
მზის სურნელების ლხენად დამთესო,
თაფლა თვალებო, ავაზის კვესნო,
გზნების დამკვესნო.

არ მსურს და არ გწერ უბრალოდ ლექსებს,
რადგან ფურცლად გაქვს უბიწო გული,
ვკალმობ ფიქრების მელნით დაგული.
ცხადი მახარებს!

თიბათვის 9, 2007 წელი
რონდინე, აიაია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

მონატრება

ხშირად აღარ მენატრება,
მაგრამ შენზე მონატრება
ახლა სულში მაწვიმს,

შენი სახე უცნობია,
შენი სული ნაცნობია,
მოთმინებამ დამწვა.

შენ არ იცი, თან გახლავარ,
გვერდში მავალ ფიქრადა ვარ,
ყურთან ჩუმად გბარდობ,

ცისარტყელა დაგციალებს,
ლაჟვარდებში დაცქრიალებ,
მზით ნაჯერო ვარდო.



2007 წელი
არეცო, აიაია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

დროებით, სიყვარულო

წვიმის ხშირი წვეთი-
ამორძლური თმები,
ბუმბერაზი მკერდი-
საქართველოს მთები...
ხეთა ჯარი, ქარი-
ჟღალი მონაჯარი…
სიყვარულის თვალით-ყველგან სიყვარული…

ცრემლში ღიმი-სიმი,
გულით განასიმი,
მზის სიტყვებით სველი
ციურ ქართა ველი...
ნელად მწველი რთველის
დუმილი და დელი...
სიყვარულის თვალით-ყველგან სიყვარული….

აი, ნახე, ცაზე,
მასზე, როგორც ზღვაზე,
ღრუბლის ტალღად ვალღობ
ბალღურ ფიქრთა მაღლობს...
ოჰ, შენი სინაზე,
ქვაზე რომ ვავაზე...
სიყვარულის თვალით-ყველგან სიყვარული…

შენი სულის სითბო
ჩემში მთვარედ რითმობს,
მუსიკაა რულის
სრული დასასრული...
არ გშორდები, კარგო-
მარტოც შენზე ვბარდობ...
სიყვარულის თვალით-ყველგან სიყვარული…


კონსტანტინე (კოკა) ვეკუა
საქართველო-იტალია
2008 წელი

სიყვარულის დიალექტიკა

აჰა, ჭეშმარიტება:
არის კეთილგონიერება
და არის გულკეთილობა...
ნათელი გულით ვიმეცნებთ სიბრძნეს,
გულისხმა არის სამყაროს ჭვრეტა.
რას ვხედავთ მაშინ, როდესაც ვხედავთ?
რა გვესმის მაშინ, როდესაც გვესმის
და რას შევიგრძნობთ, როდესაც ვცოცხლობთ,
სიბრმავეს, კვდომას გამოღწეულნი?
ქვეყნიერება-მრავალი ფერი,
ერთმანეთისგან განსხვავებული;
ერთადერთია თითოეული.
ეს კი პირველი სასწაულია-
სხვა საოცრებით გრძელდება იგი:
როცა ყოველი როკავს გზნებული,
ტრფობის მუსიკით ასამებული,
კენტად დგომაზე აღმატებული.
მაშინ სიკვდილი დალახვრულია,
ცხოვრება ხდება სულ ერთი ციდა;
დანაწილების მაგივრად-შერწყმა
სიცოცხლის ლაჟვარდ ოკეანეში.
სხვადასხვაობა საერთოს ეძებს
და ეს საერთო სიყვარულია,
მეგობრობა და ურთიერთაღქმა,
სრულყოფის გზაზე სხვა უვიცობა-
ნეტართა განძი და ბავშვურობა.
ოქროს კოკებში იღვრება მზე და
მთელი სამყარო მზე ხდება თვითონ...
ყოველი ერთი იშვება მასში...
ფერთა ქორწილი ბადებს ლაჟვარდებს...

მშვილდვა

მშვილდი ჩემი-სიყვარული ჩემი,
ისარი-ძალა ტრფობის,
მისით კვეთილი სივრცე-მზით გაჯერება ყოფის,
ვარ მშვილდოსანი, ფერი ჩემი მოცალე ფერის.
მშვილდვაა წერა, მღერა, ფერწერა,
ადამიანის გული და სული კი ფურცელი.
ფოლიანტია თიხა, კოკადწერძილო, ვინ ხარ?

კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

არ შეიძლება, არა?

უკვე მერამდენედ ვიღვიძებ ღიმილით,
შენებურ სიზმრებით გულგაღიმებული,
დილიდან გვერდში ხარ; მძინავს და მიღიმი:
ცხოვრება-ღიმილის ლეგენდადქცეული.

გულიდან სიცილი სიტყვებით ამომაქვს,
სმენით და თვალებით რწყულდები სიცილით,
მთელს ტანში დაგივლის სიცილის ტალღა და
ბაგეზე ბავშვურად თამაშობს სიცილი.

ინანას მსუბუქი და ნაზი ხელებით
ზურმუხტებს დაფერავ მთვარული ფერებით,
მზერაგამთვარული და ვარდა ტუჩებით
დავერცხლილ თასებში მზეს დამეწაფები.

იმ ყელში ჩავმალავ ჩემს მზიან სიხარულს,
შენს მზიურ კულულებს მოვარფქვევ გუნდრუკად,
მზეგულის მზეობით სულს აგიმზიანებ,
სევდაშიც გედგები მზემტკიცე მეგობრად.

მზის ლიტურგია

ინანას

ჩამობნელდება, ძილის დრო მოვა...
ციდან სარკმელში შემოიხედავ,
პირგაბადრული თეთრი ინანა;
საბნის კიდეზე ჩამომჯდარს მნახავ,
ასე დაგხვდები, ფიქრებით ახლოს.
შენი ღიმილი და შენი სევდა
სახეს ვერცხლისფრად მოეფერება.
მე შენ გიყურებ თვალებში დინჯად
და ამ სიდინჯით გესაუბრები
ტანგოს ენაზე უხმო სიმღერას.
გადმოეშვები ყინულის შრეში,
თავად ზამთარი ზაფხულის გულით
(ახლა ასეა... სხვა დროს უმზევებ
ჩემ სულის ხომალდს უქრობ შუქურად),
უჩუმრად გვერდში ამომიდგები
შავეთის გავლით ცისკენ მიმავალს,
მარტოობისთვის რომ არ გამწირო
და შემდეგ თვითონ არ დარჩე მარტო...
შემომეჩვევი, დაგიმეგობრებ-
ორი ერთია, ერთია ყველა.
მზიანი ღამის ფარდების გახსნა
და ჩემს კალთაში გიტარად ჩაგსვამ,
რომ შენი გულის და ყელის დაკვრით
მთელი სამყარო ავახმიანო
ერთ დიდ, ვეება, ზღაპრულ საკრავად.
მუსიკა ყველგან, ჩემშიც და შენშიც,
მუსიკა როგორც ლურჯი ჰაერი-
მზის ლიტურგია, მზის ლიტურგია.
ჩვენ-ორი ბავშვი და ხუცი ბერი,
ორი ალალი ჯუფთი და ფერი.

ქ. არეცო, აიაია
გიორგობისთვის 21, 2008 წელი
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

ღვინისფერი მზე

ღვინისფერი მზე,
მთვარისფერი ცა,
ტკვილებში დავიბადე,
ლხენა მომეცა.

სიღრმეების ზღვა,
მწვერვალები სხვა,
ღვინისფერი მზე,
მთვარისფერი ცა.

ენკენისთვის 17, 2007 წელი
Castiglion Fibocchi
კოკა

ცის დედოფალი

ბავშვო და ქალო,
ცის დედოფალო,
ჩემო სიცოცხლე
და მეგობარო.

მთვარე-ოცნება,
რომ იკოცნება,
მზიანი ღამე
და საოცრება.

სულის სარკმელი,
ბადრი ნათელი,
ჩემში იმედის
სხივის დამრგველი.

ბედნიერება-
რომ გეფერება,
ნუკრული კისრის
ცად ამღერება.

თოთო სიზმრებით
გულს ეღიმები…
კოლხურ ჩონგურზე
გამესიმები.

დადგა აისი,
თვალში მაისი,
ოქროსსაწმისობ.
Lotus საისის.


მწიფობისთვის 6, 2007
რონდინე, აიაია
კოკა