martedì 24 febbraio 2009

ინანა

ამორძალი-ავაზა,
საქართველომ გავაზა
და ბავშვური ღიმილი
ტუჩზე გადანაზა.

სამოთხეს ეკარები...
ვერვის შესადარები,
დალის თმისფერ ტაძრელთა
დედოფლური ქამრებით.

ღამე ვარდისფერია,
აისით ნაფერია,
ჩვენი ხსოვნის ზღაპარში
სიცხადე გაერია.

giovedì 12 febbraio 2009

ნოემა

შვიდი დღე, ანუ შესაქმე



ნოემა

სიყვარული ჯეირანი, ტანად ჩემხელა,
წელზე მოხვევა-გულით საგრძნობი.

ლურჯი ოცნების კაბით მოსილის
გვარის ტკივილით გვერდზე გახედვა-
შანელის სევდა, დეას პროფილი...

თმები-ტალღები, ზღვური სურნელით...
პოზა-პასუხი: რკინის ჯებირი...
თვალებმა გაგთქვეს თოთო სიმართლით...
მთვარე-პოემა...

სხვა იყო ბიჯი... სახლისკენ წასვლა-
ზღაპრების ბარდნა მოძრაობაში.
გარინდებული ფიქრების მალვა.
ოქრო შუქობდა ღამის ქუჩაში,
გაოცება რომ ცის კიბეს აჰყვა.

დუმდა მუსიკა; ყრუ ორკესტრები:
ჩუმი სტანსების თოვა და ძალა,
უცხო ქალაქი ისმოდა მკრთალად.
შემდეგ სიცოცხლემ თაფლისფერების
გაჯერებული მზერით იძალა...
ზარი: "დროებით გემშვიდობები"...

დროის დამსხვრევა მოზაიკებად,
სივრცე-მზეეთის ბურული კარი...
სული ღიმილად აიროკება,
ცა რომ მოჭედოს ყვავილთა ჯარით.
შეხვედრისათვის დამშვიდობება-
ჩვილად ხნიერი ნაიმედარი.
მთვარე-პოემა...