Visualizzazione post con etichetta მზე. Mostra tutti i post
Visualizzazione post con etichetta მზე. Mostra tutti i post

martedì 22 settembre 2009

ციური ბაგეები

აჰა, ჭეშმარიტება:
ალბათ, შენით თვით ღმერთი მაფრთხილებს.
ღმერთი, რომელსაც ვეცემი, თუ ვმუხლგამრობ,
მუდამ ვგრძნობ გვერდში
(მხოლოდ გოლგოთაზე იმუხლებენ
და მხოლოდ გოლგოთაზე იმარჯვებენ).
მეუბნებოდი: იფხიზლე!
რადგან მის ადგილზე სხვა ყველაფერი კერპია-
ჩვენში, თუ ჩვენს გარეთ: სიკვდილია, არარაობა!
შენით მაშინ მოსიყვარულე ღმერთი მესაუბრებოდა,
ვით სიოს რხევა.
დიახ, ცათა ბაგეებო-სულის მეგობრებო:
გულის მალამო და ღამეში მზეო.
ჩემო ციურო წიგნო, ძვირფასო სულო.

შენ ღრმა ხარ, მთვარის,
ძალგიძს შეგრძნება პირველსაწყისის.
უხილავი მარადისობის სარტყელი გაკრავს გარს,
მით დალახტავ დემონებს,
მით დააზარებ ზეციურ ხმებს.
მაგრამ განა სრულად იცი?
არა, არ იცი, ჯერ არ იცი-
"ჯერ" კანონზომიერია.
თუმც, შეგიძლია-სწვდები,
რადგან შენც ამისთვის დაიბადე,
რადგან შენც წამებში იზრდები და არა წლებით.
შენც პოეზია ხარ-ამად, თვალის ჩინო.
არც შენი ცხოვრებაა ამაოებით მძიმე,
რადგან ალივით ზევით მიილტვი.

ღვთით ჩვენს სამშობლოში დანთებულო ლაჟვარდო ცეცხლო,
დედაო-დაო-პატარა ანა.


ვარდობისთვის 18, 2007 წელი
რონდინე, აიაია
კოკა

mercoledì 6 maggio 2009

იყო და არა იყო რა

მთვარეს რომ ეცნა მზე,
აღარ ირჩევდა სხვას,
მისგან ნარჩევმა სვემ
თავად აქცია სხვად.

თავად აქცია სხვად
მისგან ნარჩევმა სვემ,
აღარ ირჩევდა სხვას,
მთვარეს რომ ეცნა მზე.

domenica 28 dicembre 2008

სიყვარულის დიალექტიკა

აჰა, ჭეშმარიტება:
არის კეთილგონიერება
და არის გულკეთილობა...
ნათელი გულით ვიმეცნებთ სიბრძნეს,
გულისხმა არის სამყაროს ჭვრეტა.
რას ვხედავთ მაშინ, როდესაც ვხედავთ?
რა გვესმის მაშინ, როდესაც გვესმის
და რას შევიგრძნობთ, როდესაც ვცოცხლობთ,
სიბრმავეს, კვდომას გამოღწეულნი?
ქვეყნიერება-მრავალი ფერი,
ერთმანეთისგან განსხვავებული;
ერთადერთია თითოეული.
ეს კი პირველი სასწაულია-
სხვა საოცრებით გრძელდება იგი:
როცა ყოველი როკავს გზნებული,
ტრფობის მუსიკით ასამებული,
კენტად დგომაზე აღმატებული.
მაშინ სიკვდილი დალახვრულია,
ცხოვრება ხდება სულ ერთი ციდა;
დანაწილების მაგივრად-შერწყმა
სიცოცხლის ლაჟვარდ ოკეანეში.
სხვადასხვაობა საერთოს ეძებს
და ეს საერთო სიყვარულია,
მეგობრობა და ურთიერთაღქმა,
სრულყოფის გზაზე სხვა უვიცობა-
ნეტართა განძი და ბავშვურობა.
ოქროს კოკებში იღვრება მზე და
მთელი სამყარო მზე ხდება თვითონ...
ყოველი ერთი იშვება მასში...
ფერთა ქორწილი ბადებს ლაჟვარდებს...

არ შეიძლება, არა?

უკვე მერამდენედ ვიღვიძებ ღიმილით,
შენებურ სიზმრებით გულგაღიმებული,
დილიდან გვერდში ხარ; მძინავს და მიღიმი:
ცხოვრება-ღიმილის ლეგენდადქცეული.

გულიდან სიცილი სიტყვებით ამომაქვს,
სმენით და თვალებით რწყულდები სიცილით,
მთელს ტანში დაგივლის სიცილის ტალღა და
ბაგეზე ბავშვურად თამაშობს სიცილი.

ინანას მსუბუქი და ნაზი ხელებით
ზურმუხტებს დაფერავ მთვარული ფერებით,
მზერაგამთვარული და ვარდა ტუჩებით
დავერცხლილ თასებში მზეს დამეწაფები.

იმ ყელში ჩავმალავ ჩემს მზიან სიხარულს,
შენს მზიურ კულულებს მოვარფქვევ გუნდრუკად,
მზეგულის მზეობით სულს აგიმზიანებ,
სევდაშიც გედგები მზემტკიცე მეგობრად.