sabato 24 ottobre 2009

შენი სახელი

ნიაგარის ჩანჩქერი?
იგი ერთია,
მხოლოდ მიწაზე.
ახლა კი სცადე, წარმოიდგინო,
მთელი სამყაროს უსასრულობა
და რომ სამყაროს უსასრულობა
უშქარზე უშქარ ჩანჩქერის ძალით,
რაოდენობით და ხმის სიმძლავრით
ბოლო წვეთამდე მზით ივსებოდეს.
შენს სახელს ახლა აი, ასე ვამბობ.

martedì 22 settembre 2009

ქებათა ქება ხელის მტევნის თლილობას

(დედუფლის საბიძაშვილ-სამამიდაშვილო სურათიდან )

თუ დღემდე თმებზე ვხელობდი,
მიხვავებია ქებანი,
დღეიდან უფრო მაცვიფრებს
ვაზივით ხელის მტევანი.

მაჯა-შველივით ნაკვეთი,
დაკიდებული მღერანი,
ქალავ, რა სილამაზეა,
ლამის დავმუნჯდე, ღმერთმანი.

თითები ჩუქურთმებია-
გედის ყელივით ყველანი,
აზრი მალია ქარივით,
სიტყვამ შეწყვიტოს რებანი.

მზის ნაჟური გდის, მზიანო,
ვარდის სურნელთა გებანი,
დედუფალს კრძალვით გიხრიან
თავს მიწაცა და ზეცანიც.

ჩემი სამშობლოს ყვავილო,
ჩემი გულის ხარებანი,
მაჯებზე გეამბორები,
შენ ჩემგან ქებულებანი.

კონსტანტინე (კოკა) ვეკუა თავის ამჟამად გულმოსულ სულიერ მეგობარს, ანა (სახლში როგორ მოგმართავენ, ნეტა) ბ-ს

ციური ბაგეები

აჰა, ჭეშმარიტება:
ალბათ, შენით თვით ღმერთი მაფრთხილებს.
ღმერთი, რომელსაც ვეცემი, თუ ვმუხლგამრობ,
მუდამ ვგრძნობ გვერდში
(მხოლოდ გოლგოთაზე იმუხლებენ
და მხოლოდ გოლგოთაზე იმარჯვებენ).
მეუბნებოდი: იფხიზლე!
რადგან მის ადგილზე სხვა ყველაფერი კერპია-
ჩვენში, თუ ჩვენს გარეთ: სიკვდილია, არარაობა!
შენით მაშინ მოსიყვარულე ღმერთი მესაუბრებოდა,
ვით სიოს რხევა.
დიახ, ცათა ბაგეებო-სულის მეგობრებო:
გულის მალამო და ღამეში მზეო.
ჩემო ციურო წიგნო, ძვირფასო სულო.

შენ ღრმა ხარ, მთვარის,
ძალგიძს შეგრძნება პირველსაწყისის.
უხილავი მარადისობის სარტყელი გაკრავს გარს,
მით დალახტავ დემონებს,
მით დააზარებ ზეციურ ხმებს.
მაგრამ განა სრულად იცი?
არა, არ იცი, ჯერ არ იცი-
"ჯერ" კანონზომიერია.
თუმც, შეგიძლია-სწვდები,
რადგან შენც ამისთვის დაიბადე,
რადგან შენც წამებში იზრდები და არა წლებით.
შენც პოეზია ხარ-ამად, თვალის ჩინო.
არც შენი ცხოვრებაა ამაოებით მძიმე,
რადგან ალივით ზევით მიილტვი.

ღვთით ჩვენს სამშობლოში დანთებულო ლაჟვარდო ცეცხლო,
დედაო-დაო-პატარა ანა.


ვარდობისთვის 18, 2007 წელი
რონდინე, აიაია
კოკა

lunedì 31 agosto 2009

მომავლის მოგონება

პატარობიდან შემაყვარა მამამ სამშობლო
ისე, "მამულის სიყვარული" არ უსიტყვია,
ეს დიდ აღმზრდელთა უტყუარი არის ნიშანი...

მახსოვს, როდესაც სიყვარულზე კითხვა დამისვი,
ძლიერ უბრალოდ გიპასუხე მეგობრობაზე,
რადგანაც შენზე უკვე ვიყავ შეყვარებული.

სადა პასუხის დრო გაჩვენებს ვერჩამწვდარ სიღრმეს,
მაშინ თვალები სინანულით აგიცრემლდება...

mercoledì 6 maggio 2009

იყო და არა იყო რა

მთვარეს რომ ეცნა მზე,
აღარ ირჩევდა სხვას,
მისგან ნარჩევმა სვემ
თავად აქცია სხვად.

თავად აქცია სხვად
მისგან ნარჩევმა სვემ,
აღარ ირჩევდა სხვას,
მთვარეს რომ ეცნა მზე.

martedì 24 febbraio 2009

ინანა

ამორძალი-ავაზა,
საქართველომ გავაზა
და ბავშვური ღიმილი
ტუჩზე გადანაზა.

სამოთხეს ეკარები...
ვერვის შესადარები,
დალის თმისფერ ტაძრელთა
დედოფლური ქამრებით.

ღამე ვარდისფერია,
აისით ნაფერია,
ჩვენი ხსოვნის ზღაპარში
სიცხადე გაერია.

giovedì 12 febbraio 2009

ნოემა

შვიდი დღე, ანუ შესაქმე



ნოემა

სიყვარული ჯეირანი, ტანად ჩემხელა,
წელზე მოხვევა-გულით საგრძნობი.

ლურჯი ოცნების კაბით მოსილის
გვარის ტკივილით გვერდზე გახედვა-
შანელის სევდა, დეას პროფილი...

თმები-ტალღები, ზღვური სურნელით...
პოზა-პასუხი: რკინის ჯებირი...
თვალებმა გაგთქვეს თოთო სიმართლით...
მთვარე-პოემა...

სხვა იყო ბიჯი... სახლისკენ წასვლა-
ზღაპრების ბარდნა მოძრაობაში.
გარინდებული ფიქრების მალვა.
ოქრო შუქობდა ღამის ქუჩაში,
გაოცება რომ ცის კიბეს აჰყვა.

დუმდა მუსიკა; ყრუ ორკესტრები:
ჩუმი სტანსების თოვა და ძალა,
უცხო ქალაქი ისმოდა მკრთალად.
შემდეგ სიცოცხლემ თაფლისფერების
გაჯერებული მზერით იძალა...
ზარი: "დროებით გემშვიდობები"...

დროის დამსხვრევა მოზაიკებად,
სივრცე-მზეეთის ბურული კარი...
სული ღიმილად აიროკება,
ცა რომ მოჭედოს ყვავილთა ჯარით.
შეხვედრისათვის დამშვიდობება-
ჩვილად ხნიერი ნაიმედარი.
მთვარე-პოემა...